ფინანსური განათლება

ფინანსური განათლების ინიციატივას ფონდმა კრისტალმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათი ფინანსური კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობისთვის. 2010 წლიდან ფონდმა წარმატებით განახორციელა სხვადასხვა მასშტაბური ინიციატივა და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტი, საქართველოს მოსახლეობის ფინანსური წიგნიერებისა და ფინანსური ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით:

2010-2013 წლებში, ფონდმა კრისტალმა განახორციელა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული პროექტი – „მობილური გზავნილები საქართველოს სოფლის მოსახლეობისთვის“, ს.ს. მისო „კრისტალტან“ და ს.ს. „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია“-სთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობისა და თვითკმარობის ამაღლებას, ფინანსური განათლებისა და ფინანსურ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების გზით (პროექტის ბიუჯეტი: 321,000 აშშ დოლარი). პროექტის შედეგად მიღწეულ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი შედეგები, მათ შორის: ჩატარდა რეგულირების სამართლებრივი კვლევა (due diligence); დაჩქარდა „გადახდის სისტემების შესახებ“ ახალი კანონის მიღება; საერთაშორისო ტენდერის საშუალებით გამოვლინდა ტექნოლოგიური გადაწყვეტა მობილური ფინანსების პლატფორმებისთვის; შეიქმნა შესაბამისი IT ინფრასტრუქტურა; შემუშავდა ფინანსური წიგნიერების მოდული და ა.შ.

2014 წელს შემუშავდა და გამოიცა ფინანსური განათლების გზამკვლევი – „ფინანსური განათლება ყველასათვის“; დაიწყო დისკუსია დაინტერესებულ მხარეებთან და განხორციელდა კერძო და სამოქალაქო აქტორების მობილიზება, რაც 2015 წლის ოქტომბერში, თხუთმეტი ორგანიზაციის მიერ ფინანსური განათლებისთვის კოალიციის შექმნით დაგვირგვინდა, ფონდი კრისტალის თავმჯდომარის არჩილ ბაკურაძის ხელმძღვანელობით. შედეგად, 2016 წელს, კოალიციის ჩართულობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეიქმნა და დამტკიცდა „ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია“, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოქალაქეების ფინანსური კეთილდეობის მხარდასაჭერად.

2017 წლის მარტიდან, ფონდი კრისტალი ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრია და საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინაციით, ახორციელებს სტრატეგიის განვითარება-დანერგვისა და საქართველოში ფინანსური განათლების მხარდაჭერის აქტივობებს, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის, ყველა სტრატეგიული მიმართულებით, კერძოდ:

  • ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცოდნის ამაღლება;
  • დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავება;
  • განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოება.

ერთ-ერთ ასეთ აქტივობას წარმოადგენს ჟირაფი ჟოზეს საგანმანათლებლო ანიმაციური სერია დაზოგვის თემაზე, 2-6 წლის ბავშვებისთვის, რომელიც სტუდია „ველოსიპედი“-ს მიერ შეიქმნა, ფონდი კრისტალის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ს.ს. მისო „კრისტალი“-ს ერთობლივი ძალისხმევით. სტუდია „ველოსიპედი“ პროგრამის – YES-Georgia მიერ მხარდაჭერილი ქართული სტარტაპია, რომელიც ქმნის ქართულენოვან შემეცნებით-საგანმანათლებლო მულტფილმებს და მშობლებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ბავშვის განათლებისა და განვითარების ალტერნატიულ, ქართულ პროდუქტს. ანიმაციური პერსონაჟი ჟირაფი ჟოზე ბავშვების მხიარული მეგობარია, რომლის მიზანს პატარებისთვის ზოგადი განათლების მიცემა, მათი ფანტაზიისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. დაზოგვის თემაზე ეპიზოდი მაყურებელს აწვდის ცოდნას, მიმზიდველი, მხიარული და საინტერესო გზით; ამასთან, ხელს უწყობს ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებას. მსგავსი მულტფილმების პოპულარობასა და საჭიროებაზე მეტყველებს მოკლე დროში ანიმაციური ვიდეოს მნახველთა რაოდენობა YouTube არხზე: ეპიზოდი სწრაფად გახდა პოპულარული საგანმანათლებლო რესურსი ბავშვებისთვის და მისი ნახვების რაოდენობამ ერთ თვეში 350 000-ს გადააჭარბა.

სიახლეები

  • საგანმანათლებლო ანიმაცია დაზოგვის თემაზე ყველაზე პატარებისთვის

    ყველაზე პატარებისთვის ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი, დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ფონდი კრისტალის, ეროვნული ბანკისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის მხარდაჭერით, შემუშავდა საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც მათთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები – ჟირაფი ჟოზე და მისი მეგობრები, სპილო პიო და კურდღელი დუდუნა, სიმღერით უხსნის ბავშვებს, როგორი სასიამოვნო და სასარგებლო შედეგები მოჰყვება დაზოგვას და რატომა არის საჭირო,...
  • ფინანსური განათლებისთვის კოალიცია მსოფლიო ბანკის ბრიტანელ ექსპერტს შონ მანდის შეხვდა

    ფონდი კრისტალის ორგანიზებით, ფინანსური განათლებისთვის კოალიციის წევრები მსოფლიო ბანკის ბრიტანელ ექსპერტს და საერთაშორისო ორგანიზაციის  – ”ფინანსური განათლების ჯგუფი” – უფროს ვიცე-პრეზიდენტს  შონ მანდის შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსური განათლების სტრატეგიის განხორციელების მდგომარეობისა და პერსპექტივების განხილვა და ამ მიმართულებით კოალიციის როლის განსაზღვრა. ბატონი მანდი ფინანსური განათლების მოძრაობის საერთაშორისო ლიდერია, ფინანსური განათლების პროგრამებისა და პოლიტიკის მიმართულებით...