პოლიტიკის დიალოგი

2014 წლის ოქტომბერში, ფონდი კრისტალის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა (BEC) საქმიანობა განაახლა პარლამენტში, როგორც საკანონმდებლო დიალოგის დამოუკიდებელმა პლატფორმამ, რომლის მიზანია ეფექტური და პროგნოზირებადი ეკონომიკური კანონმდებლობისა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნის ხელშეწყობა საქართველოში, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის. ფონდის მხარდაჭერით, BEC-იმ აღადგინა ასევე თანამშრომლობა ბრიტანულ ასოციაციასთან – „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“ (EPDI) და საფუძველი ჩაუყარა გამოცდილების გაზიარების საერთაშორისო პროგრამებს.

2015 წლის სექტემბერში, ცნობიერების ამაღლების ერთწლიანი წარმატებული კამპანიის შედეგად, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა გამართა პირველი სტრუქტურირებული და ინკლუზიური საჯარო-კერძო დიალოგი (PPD) საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან კოორდინაციით, სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებების განსახილველად, რომელიც ეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საპოლიციო წესით, უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების შეზღუდვას.

ამ პერიოდისთვის, საჯარო და კერძო სექტორებს შორის ეფექტური დიალოგი (PPD) საქართველოში ძირითადად წარმოადგენდა გამონაკლისს, ვიდრე წესს. 2015 წლის დეკემბერში, ფონდი კრისტალისა და EPDI-ის მხარდაჭერით, BEC-იმ შეიმუშავა PPD-ის ახალი მეთოდოლოგია და 2016-2018 წლებში, პარლამენტში დააფუძნა და გააძლიერა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის დამოუკიდებელი და მუდმივმოქმედი პლატფორმა, USAID-ის პროექტის – მმართველობა განვითარებისთვის (G4G) მხარდაჭერით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, BEC-ის PPD მეთოდოლოგია გამოყენებულ იქნა მმართველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური პოლიტიკის არაერთი საკითხის, ფართომასშტაბიანი რეფორმისა და კანონპროექტის განსახილველად, მათ შორის: მიწის რეგისტრაციის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში, გადახდისუუნარობის რეფორმა, მწვანე ეკონომიკა, ენერგოეფექტურობა, სატრანსპორტო პოლიტიკა, წყლის რესურსების მართვა, ელექტრონული კომერცია, და სხვა.

ფონდის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC) ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტში, რათა ხელი შუეწყოს გამჭვირვალე ურთიერთობის დამყარებას და ეკონომიკურ საკითხებზე კონსტრუქციული საკანონმდებლო დიალოგის განვითარებას ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტს შორის. BEC-ის ძირითადი მიზნებია: (1) კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა კანონშემოქმედებით საქმიანობაში; (2) ორმხრივი ურთიერთგაგების მიღწევა პოლიტიკოსებსა და იმ პირებს შორის, რომლებზეც უშუალო გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილებები; და შესაბამისად, (3) ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ პოლიტიკოსების  გადაწყვეტილებების ინფორმირება.

გრძელვადიან პერსპექტივაში, კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული საჯარო-კერძო დიალოგის განვითარებისთვის BEC-ის, როგორც დამოუკიდებელი, არალობისტური და კროს-სექტორული პლატფორმის მხარდაჭერამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაერთი მიმართულებით, კერძოდ:

  • კანონმდებლებს, პოლიტიკოსებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობების, ნდობისა და ურთიერთგაგების დამყარების კუთხით;
  • ბიზნეს სექტორის მიერ საქართველოს პარლამენტთან გამჭვირვალე ურთიერთობის პრაქტიკის დამკვიდრების თვალსაზრისით;
  • პარლამენტის საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით, საკანონმდებლო პროცესში ეფექტური დებატისა და კონსულტაციებისთვის პარლამენტის ღიაობის გაზრდის გზით;
  • უფრო ეფექტური და ქმედითი რეფორმების გატარების კუთხით.
  • კარგი მმართველობის, გამჭვირვალედ რეგულირებული საბაზრო ეკონომიკისა და კერძო სექტორის განვითარებისათვის უკეთესი პირობების შექმნის მიმართულებით.

ამჟამად, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის საპარლამენტო დიალოგის პლატფორმა საქმიანობს ფონდი კრისტალისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში – „მონაწილეობითი საჯარო-კერძო დიალოგის განვითარება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქმედითი რეფორმების გატარებასა და შედეგად საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას; კერძო სექტორისა და სამეწარმეო გარემოს განვითარებას; და ასევე, პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული ეკონომიკური მმართველობის ჩამოყალიბებას.

სიახლეები

  • ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია

    საერთაშორისო ასოციაციამ -‘’ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი’’ (Enterprise and Parliamentary Dialogue International), საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი ვოლსკი და USAID-ის ‘’მმართველობა განვითარებისთვის’’ (G4G) პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი ნატალია ბერუაშვილი დააჯილდოვა. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან, როგორც დიალოგის საპარლამენტო პლატფორმასთან ყველაზე...
  • ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია 2018

    საერთაშორისო ასოციაციამ -„ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“ (Enterprise and Parliamentary Dialogue International), საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი ვოლსკი და USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი ნატალია ბერუაშვილი დააჯილდოვა. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს ჯილდო „ბიზნესისა და პარლამენტის...
  • ეკონომიკური ბარომეტრი პარლამენტში

    2017 წლის 29 მაისს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით და ფონდი კრისტალის მხარდაჭერით,  დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ახალი პროგრამის – ეკონომიკური ბარომეტრი – ღონისძიება. პროგრამის მიზანია: აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში, საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციებისა და პროგნოზების განხილვა, რაც კერძო სექტორს შესაძლებლობას მისცემს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების...
  • საპარლამენტო დიალოგის პლატფორმის პრეზენტაცია

    7 მარტს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ დაფუძნდა საქართველოს პარლამენტში 2016 წელს, USAID G4G-ის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიებაზე მოწვეულ დეპუტატებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ ტომას მორისმა, ‘’მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში’’ (G4G) პროექტის ხელმძღვანელმა ნატალია...