საგზაო უსაფრთხოება

2015 წლის ბოლოდან, საქართველოს გზებზე უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად, ფონდმა კრისტალმა განავითარა საგანმანათლებლო და ადვოკატირების აქტივობათა მხარდაჭერის მექანიზმები და პრაქტიკა, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ (GASR) თანამშრომლობით.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ 2010 წელს დაარსდა საგზაო უსაფრთხოების პროფესიონალთა გუნდის მიერ, უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებით USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ეფექტური კამპანიისა და შესაბამისი კანონმდებლობის წარმატებული ადვოკატირების შედეგად, პროექტმა არსებით პროგრესს მიაღწია საქართველოს გზებზე მძღოლებისა და მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედების გამოყენების თვალსაზრისით.

ალიანსი მიზნად ისახავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და საგზაო შემთხვევების შედეგად ტრავმებისა და დაშავებულობის შემცირებას შემცირებას საქართველოში. ფონდი კრისტალისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, ალიანსი ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის საგზაო უსაფრთხოების სწავლებას, ქვეითების უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის პრაქტიკის აღმოფხვრას საქართველოში, ასევე, მონიტორინგს უწევს საგზაო უსაფრთხოების ტენდენციებს და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ახდენს სხვადასხვა რეგულაციებისა და საგზაო თემატიკის საკითხების ადვოკატირებას. ალიანსმა შემოიკრიბა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები, კერძო დაინტერესებული მხარეები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ასევე მედია ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ალიანსს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხების ადვოკატირების პროცესში.

2017 წელს, ფონდი კრისტალის მხარდაჭერით და ალიანსის ხელმძღვანელობით, განხორციელდა ფართომასშტაბიანი ადვოკატირების კამპანია, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური და კომპლექსური რეფორმის გატარებას ისახავდა მიზნად; საკანონმდებლო პაკეტი მოიცავდა რეგულაციებს ქულათა სისტემასთან, სიჩქარის გადაჭარბებასთან, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასთან და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ალიანსის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მიღებულ იქნა საკნონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევების მნიშვნელოვანი – 12%-იანი შემცირება, ხოლო დაშავებულთა რაოდენობის 10%-იანი კლება გამოიწვია.

წარმატებულ პროექტებს შორის არის ასევე:

  • საგზაო უსაფრთხოებისკამპანია „საჭესთან ფხიზლად!“, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა;
  • პარტნიორი ესტონური ორგანიზაციის TrafficProf-ის მიერ დაფინანსებული ქართულ-ესტონური საგზაო უსაფრთხოების პროექტი ,,შუქამრეკლების გამოყენება საქართველოს სკოლებსა და ბაღებში, ესტონეთის მაგალთზე’’;
  • ევროკომისიის პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტი „ევროკავშირის გამოცდილება ქვეითების უსაფრთხოების სფეროში“;
  • სოციალური კამპანია „გამართე ან გამორთე!“;
  • ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში“;
  • საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი “საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად“;
  • გარემოსდაცვითი კამპანია „სუფთა ჰაერისთვის“;
  • საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა USAID | EWMI-ის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

2018 წლიდან, ფონდი კრისტალის მხარდაჭერით, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“  საგზაო უსაფრთხოების გლობალური ალიანსის წევრია, რომელიც, წევრ ორგანიზაციებთან ერთად, გლობალური ძალისხმევის, პროექტებისა და კამპანების წინა ხაზზეა და ახორციელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პოლიტიკის ადვოკატირებას, გზებზე ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ვებ-გვერდს: http://roadsafety.ge

სიახლეები

  • საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა ესტონეთის მაგალითზე

    ქართულ-ესტონური საგზაო უსაფრთხოების პროექტი – ,,შუქამრეკლების გამოყენება საქართველოს სკოლებსა და ბაღებში, ესტონეთის მაგალთზე’’ დაიწყო 2014 წლის ნოემბერში. საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის, პარტნიორ ესტონურ ორგანიზაცია TrafficProf-თან და ფონდ კრისტალთან ერთად, ასეევე ესტონეთის პოლიციის წარმომადგენლებისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების მონაწილეობით, საქართვეოს სკოლებსა და ბაღეში – 3 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავსა და გორში, ჩაატარა ინტერაქტიული საგზაო უსაფრთხოების სემინარები....