მშვიდობის მშენებლობა

ფონდი კრისტალის საქმიანობა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ნდობის აღდგენის მიმართულებით, 2013 წლიდან, სოციალური ინვესტიციების ინიციატივის ფარგლებში დაიწყო, რომელიც, უკვე 2015 წლიდან, მშვიდობის მშენებლობის ინიციატივის სახელით ხორციელდება, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია’’ თანამშრომლობით. ასოციაცია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისთვის შეიქმნა.

ფონდის მშვიდობის მშენებლობის ინიციატივის ფარგლებში: შესწავლილ იქნა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები; განვითარდა მცირე გრანტების კომპონენტი; დაფინანსდა მცირე ზომის საგრანტო პროექტები და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ინიციატივები, მშვიდობის მშენებლობის, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური ინტეგრაციის გასაუმჯობესებლად, მათ შორის:

  • „კავკასიური სამზარეულოს ფესტივალი კონფლიქტის ზონაში“;
  • „ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის სამშვიდობო დიალოგი“;
  • „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მკვიდრი მოსახლეობის უმწეო ნაწილისთვის გადაუდებელი სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარების გაწევა“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მკვიდრი მოსახლეობისთვის სასწრაფო სამედიცინო  დახმარების გაწევის მიზნით, პროექტი 2014 წელს ამოქმედდა, როგორც დროული რეაგირების მექანიზმი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქართველოში სამედიცინო დახმარების მიღებით დაინტერესებული პაციენტების მზარდი რაოდენობის საპასუხოდ. ამ გზით, პროექტი ხელს უწყობდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას, „ომის სინდრომისა“ და „მტრის აღქმის“ დაძლევას და ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.

2018 წლიდან, ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, ფონდმა გააფართოვა მშვიდობის მშენებლობის ინიციატივის ფარგლები, სამშვიდობო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. 2018 წლის სექტემბერში, ფონდი კრისტალის მხარდაჭერით, შედგა ბრიტანელი დეპუტატის, მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ჩრდილოვანი მინისტრის, ფაბიან ჰამილტონის სამ-დღიანი ვიზიტი საქართველოში, ბიზნესისა და ეკონომიკური ცენტრისა (BEC) და ბრიტანული ასოციაციის „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი’’-ს (EPDI) ერთობლივი ორგანიზებით. ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ქართველ დეპუტატებთან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან;  ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში; კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტებთან და წარმომადგენლებთან; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულირებთან; ასევე ფონდი კრისტალის აფხაზ ბენეფიციარებთან და პარტნიორებთან. ბრიტანელი სტუმრები – დეპუტატი ფაბიან ჰამილტონი და EPDI-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსი, ეწვივნენ ასევე სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარს –  „სახლი საზღვრებს გარეშე“ და მოინახულეს სოფელ ხურვალეთთან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოწყობილი მავთულხლართები.

მშვიდობის მშენებლობის ინიციატივის ფარგლებში, მოეწყო ორი გამოფენა საქართველოს პარლამენტში. პირველი – ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა, სახელწოდებით – „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“ – გაიმართა ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC), საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი ორგანიზებით, EPDI-ისა და ფონდი კრისტალის მხარდაჭერით. მეორე გამოფენა კი, სახელწოდებით – „ეს საერთო ტკივილია“, სადაც წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების შახ აივაზოვის, იური მეჩითოვისა და გიორგი ცაგარელის 25 წლის წინანდელი ტკივილიანი კადრების ამსახველი ნამუშევრები, გაიმართა 27 სექტემბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC), პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით.

სიახლეები

  • ფაბიან ჰამილტონის ვიზიტი საქართველოში

    ბრიტანელი დეპუტატის, მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ჩრდილოვანი მინისტრის ფაბიან ჰამილტონის სამდღიანი ვიზიტი საქართველოში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით მოეწყო, ბრიტანულ ასოციაციასთან – „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“ (EPDI) თანამშრომლობითა და ფონდი კრისტალის მხარდაჭერით. ოფიციალური შეხვედრები შედგა: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთან გიორგი ვოლსკისთან;ქართველ დეპუტატებთან: სოფიო ქაცარავა,...